''რას ფიქრობთ ''გავრილოვის ღამის'' პატიმრებზე - აქტივისტები კომიტეტის თავმჯდომარეს განმარტებას სთხოვდნენ 

30 აგვისტო 2019, 12:25 1343 ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, „სირცხვილიას“ სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.

ისინი სხდომაზე ცალთვალზე ხელაფარებულები ისხდნენ. ითხოვდნენ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს დაეფიქსირებინა პოზიცია, რას ფიქრობდა დეპუტატი „გავრილოვის ღამის“ პატიმრებზე.

თამარ კაკაბაძე: თქვენი პოზიცია რომ გვითხრათ ''გავრილოვის პატიმრებთან'' დაკავშირებით. იმ ადამიანებზე, ვინც დღეს ჯგუფური ძალადობისთვის არის დაკავებული. მაგალითად ქართული მარშის წევრები ამ მუხლით არასდროს გაუსამართლებიათ, როდესაც ისინი პოლიციელებზე ძალადობდნენ. ქვეყანაში სადაც, პოლიციელის მკვლელს საქართველოს პრეზიდენტი იწყალებს. რა პოზიცია გაქვთ თქვენ? გაითვალისწინეთ რომ ადამიანების უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ხართ. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ თამარ კაკაბაძე, რომელიც სხდომაზე იმყოფებოდა, ელენე ხოშტარიას თანაშემწე იყო. 

თამარ კაკაბაძე: მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელიც 20 ივნისის აქციაზე ვიყავი. ვიქნები პარტიის წევრი თუ არ ვიქნები ამას მნიშვნელობა არა აქვს.

სოფიო კილაძე: რატომ გრცხვენიათ რომ დააფიქსიროთ სად მუშაობთ?

თამარ კაკაბაძე: არ მრცხვენია, ელენე ხოშტარია არის ჩემი მეგობარი, უფროსი.... მე შემრცხვებოდა დღეს ''ქართულ ოცნებაში'' რომ ვიყო.

კომიტეტის წევრებმა ელენე ხოშტარიას თანაშემწეს კითხეს ვის დაკვეთა ასრულებდა. თამარ კაკაბაძემ კი დეპუტატებს უთხრა, რომ ის თავისუფალი მოქალაქე იყო და საკუთარ აზრს ახმოვანებდა. 

მოგვიანებით აქტივისტები სხდომიდან გავიდნენ. დეპუტატებს მაგიდაზე თაბახის ფურცლები დაუტოვეს, სადაც ეწერა: ''სირცხვილია''. 

სოფიო კილაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა და ''ევროპული საქართველოს'' ლიდერს მიმართა. 

''მინდა ელენე ხოშტარიას მივმართო, ის დღეს არ გამოცხადდა.  გამოგზავნეთ თქვენი თანაშემწე, რომელმაც თავი გაასაღა სამოქალაქო აქტივისტად. თამამად მინდა გითხრათ, მან დავალება ვერ შეასრულა'' - თქვა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში