საქართველოს ე.წ. საზღვართან დროშა აღვმართეთ - ცხინვალი

05 სექტემბერი 2019, 10:19 1549 ნახვა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა და დროშა აღმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი მათ „ქართული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ გადადგეს“.

“რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა მორიგი ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელსაც მშვიდობიანი ხასიათი აქვს, პრეზიდენტ ბიბილოვის გადაწყვეტილებით, სოფელ წნელისის მიდამოებში დაიწყო”, – აცხადებს ოსური მხარე.

საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს „ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიების ანექსიაში სდებს ბრალს“.

„ქართული მხრიდან პროვოკაციების შესახებ გასაფრთხილებლად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სასაზღვრო რაიონში, კერძოდ, დასახლებულ პუნქტ წნელისთან მდებარე მაღლობზე მესაზღვრეებმა აღადგინეს სახელმწიფო საზღვრის აბრა და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, რომლებიც ალანიის სახელმწიფოს საზღვრებს რუსებთან ერთად იცავენ, იძლევიან სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიას“, – ნათქვამია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში