პუტინის მხარდაჭერილი მოძრაობა "უკვდავი პოლკის" წარმომადგენლები, ბათუმში მემორიალის დადგმას ითხოვენ 

06 სექტემბერი 2019, 00:48 5749 ნახვა

"უკვდავი პოლკის" ორგანიზატორი საქართველოში ანჟელიკა ზახაროვა, ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად მემორიალის დადგმას ითხოვს. 

ანჟელიკა ​ზახაროვამ წერილობით ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს 23 მაისს მიმართა.  ზახაროვას მიერ გაგზავნილ წერილში, რომელზეც ხელს რუსულად აწერს ნათქვამია, რომ ბათუმში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად აღმართული სტელა მიხეილ სააკაშვილის დროს ​დაანგრიეს.  საქართველოში "უკვდავი პოლკის"​ ორგანიზატორებს კი სურთ, ​ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, თავისივე ხარჯებით მემორიალი დადგან. დასაფინანსებლად საჭირო თანხებს კი, ანჟელიკა ზახაროვას თქმით საქველმოქმედო ფონდ "წყარო" გაიღებს. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია 2015 დაარსდა და მისი დირექტორი - ანჟელიკა ზახაროვაა (რუსეთი, საქართველო). 

ანჟელიკა ზახაროვა და მისი მეუღლე რევაზ გოგიძე  „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და „მრავალეროვნული საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესის“ ხელმძღვანელები არიან. 

ბათუმის მერიაში საქმის წარმოება 27 ივლისს დაიწყო. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბათუმის მერიამ წერილის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა და ითხოვა დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოგვეთხოვა. 

როგორც მაუწყებლისთვის ცნობილია, ბათუმის მერმა გადაწყვეტილების მისაღებად რჩევისთვის მრჩეველთა საბჭოს მიმართა, თუმცა საკითხი მრჩევლებს ოფიციალურად ჯერ არ განუხილავთ. ინფორმაცია ამის შესახებ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, კახა გუჩმანიძემ დაგვიდასტურა. 

"უკვდავი პოლკის" იდეა 2011 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში ჩაისახა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემას ისახავდა მიზნად, თუმცა ამ მოძრაობას მალევე მიეცა პოლიტიკური ელფერი, მას შემდეგ რაც იდეით ვლადიმერ პუტინი დაინტერესდა და კრემლის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. 

2017 და 2018 წელს  კი, საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად არის მოხსენიებული. 

რუსული "უკვდავი პოლკის" ორგანიზატორები საქარველოში -  „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და „მრავალეროვნული საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესია“. ამ ორგანიზაციებს რევაზ გოგიძე და მისი მეუღლე ანჟელიკა ზახაროვა ხელმძღვანელობენ.

ანჟელიკა ზახაროვა ბათუმში მუშაობს. ბოლო ორი წელია ქალაქში მსვლელობა იმართება, რომლის დროსაც აქციის მონაწილეები "უკვდავი პოლკს" კონტრაქციით ხვდებიან და მათ საბჭოთა სიმბოლიკის, განსაკუთრებით კი, გეორგიევსკის ლენტების გამოყენებას აპროტესტებენ.  საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში