უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს თვალი გაუსწოროს - გახარია

06 სექტემბერი 2019, 13:40 1402 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა სხდომა შეწყვიტეს და მთავრობის ახალ შემადგენლობას აღარ მოუსმინეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საზოგადოებას სიმართლის ენით უნდა ესაუბრონ და არა სპექტაკლებით. 

პრემიერობის კანდიდატმა ოპოზიციას ურჩია თვალიდან ხელი მოეშორებინათ და სიმართლისთვის თვალი გაესწორებინათ. 

''სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად გვყავს დაზარალებულები, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. 

ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდგომ. რა თქმა უნდა სიმართლე არის იმაში, რომ ჩენ გვყავს ორი ადამიანი, რომელმაც დაკარგა თვალი.  უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს თვალი გაუსწოროს. სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის ენით და არა იმ სპექტაკლებით, რომელსაც პარლამენტში ვაწყობთ.

სიმართლის არ გვეშინია. გვინდა ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა და რა მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამას გავაკეთებთ ბოლომდე. ყველა სხდომას, რომელიც ამ დარბაზში ჩატარდება ჩვენ მშვიდად დავასრულებთ'' - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში