თორნიკე რიჟვაძე პოლიტიკოსია და არა კოლმეურნეობის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი

06 სექტემბერი 2019, 16:03 1671 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ  რეგიონი ''ნაციონალური მოძრაობის'' ნარჩენებისგან უნდა გაიწმინდოს. 

თორნიკე რიჟვაძემ ეს განცხადება, შესაძლო, საკადრო ცვლილებებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

''ქართული ოცნების'' გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მიზანი ნამდვილად არის ''ნაციონალური მოძრაობის'' დამარცხება და გაქრობა. ამიტომ ლიდერის განცხადება მოსწონთ და ეთანხმებიან. 

''მთავრობის თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირია, რეგიონში პარტიის ლიდერია და ბუნებრივია ის ვალდებულიც არის მსგავსი სახის განცხადებები გააკეთოს. რადგან ის ის არის პოლიტიკოსი და არა კოლმეურნეობის თავმჯდომარე. ასე, რომ ნურავის გაუკვირდება ასეთი განცხადებები'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ლადო მგალობლიშვილმა.  

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, ''ნაციონალური მოძრაობა'' ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, 2020 წელს,  მათი დამარცხების შემდეგ კი, რეალობა შეიცვლება. 

''ჩვენი მთავარი პოლიტიკური მიზანი გახლავთ 2020 წელს ''ნაციონალური მოძრაობა'' საბოლოოდ უნდა დავამარცხოთ და გავაქროთ პოლიტიკური სივრციდან, რადგან ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.  ისინი ყოველდღიურად აწყობენ სხვადასხვა პოლიტიკურ დესტრუქციებს და მიზანმიმართულად ხელს უშლიან, როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე უსაფრთხოებას. როდესაც ჩვენ მათ დავასრულებთ, დამიჯერეთ ქვეყანა უფრო მეტად და ეფექტურად განვითარდება.

''ნაციონალური მოძრაობა'', რომ არ ყოფილიყო დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, დღეს ბევრად მეტი პრობლემა იქნებოდა მოგვარებული, ვიდრე ახლა არის. ამის თვალსაჩინო მაგალითია იგივე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მათი ქმედებები'' - ამბობს ''ქართული ოცნების'' დეპუტატი. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი კი, რეგიონის პირველ პირს ურჩევს, მსგავსი შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავოს და რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებით დაკავდეს.

გია დიასამიძის განცხადებით, უმჯობესია თორნიკე რიჟვაძემ ''წმენდა''  პოლიტიკური გუნდის რიგებიდან დაიწყოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში