"ყველაფერი მზად არის მიკროფონის ირგვლივ, ჩემი მთავარი საქმე უკვე გავაკეთე" - ნიკა გვარამია

06 სექტემბერი 2019, 18:12 1489 ნახვა

ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა. ''რუსთავი 2''-ის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ არხი მზად არის და მისი იზოლირება საჭირო აღარ არის. 

''დღეს ვარ ემოციებისგან სრულიად დაცლილი და მშვიდი. რამდენიმე მიზეზის გამო... იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საქმე გავაკეთე და დავასრულე. ამ მიკროფონის ირგვლივ რაც საჭიროა ყველაფერი მზად არის და ჩემი სადმე ჩაჯენა და იზოლირება არავითარ შედეგს აღარ გამოიღებს. ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდები, რომ დაგვაკავონ, მეც, სხვებიც. ეს ხელისუფლება ლეგიტიმური ხელისუფლების ზღვარს გადასულია და მედიის დაფუძნების გამო, მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით აკეთებენ ამას. 

ის, რომ ყველაზე მაგრები, ვინც იყვნენ რუსთავი ორში არიან ჩვენთან ამას არაფერი არ ეშველება ნიკა გვარამიას დაჭერით. ფასეულობა ვისაც ჰქონდა წამოვიდა იქ, სადაც უნდა წამოსულიყო. ღიად ვაცხადებ ეს ადამიანები, რომლებიც ჩემს უკან დგანან გააკეთებენ საუკეთესო კონტენტს. იქნება ნიკა გვარამია მათთან ერთად თუ არ იქნება'' - ამბობს გვარამია. 

მთავარი არხის დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, რომ მისი დაკავების შემთხვევში არხს დიტო საძაგლიშვილი უხელმძღვანელებს.

''დიტო საძაგლიშვილს ვაბარებ ოფიციალურად დირექტორის მოვალეობის შესრულებას. დანარჩენებმა ყველამ თავისი საქმე იცის. ნოდარი, როგორც ყოველთვის ყველაზე მაგარ ნიუსს გააკეთებს. ვანო საუკეთესო სოციალურ იუმორს.

ამ ამბავს მეგობრებო აწი არაფერი ეშველება, მე მაყურებელს ვპირდები, რომ ამ შენობიდან გამოვალ თუ არა ეს თქვენს იმედზე არანაირად არ უნდა აისახოს. თქვენს იმედზე, რომ ნახავთ ნამდვილ ტელევიზიას ხელახლა. არაფრის არ შეგეშინდეთ.

''ქართული ოცნება'' თუ ნიკა გვარამიასგან გააკეთებს ნელსონ მანდელას, მე დიდი სიამოვნებით მივიღებ ამას და როგორ მთავრდება ეს ისტორიები თქვენ ძალიან კარგად იცით,'' - თქვა ნიკა გვარამიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში