ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის უჩივის და დეპუტატის 221 952 ლარით დაჯარიმებას ითხოვს

10 სექტემბერი 2019, 10:50 2150 ნახვა

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი ვოლსკის  სასამართლოში უჩივის. ჯაფარიძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის ითხოვს გიორგი ვოლსკის 221 952 ლარის ოდენობით ფინანსური სანქცია დაეკისროს.

აღნიშნულის თაობაზე ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. დღევანდელი ხელისუფლების და ქართული ოცნების მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტრულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ "ფაქტებს" ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ. ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ "ფაქტებს" იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ. თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ განცხადების ერთ-ერთ ლინკს-ვინ იქნება შემდეგი დრო გვიჩვენებს"-ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში