ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

14 სექტემბერი 2019, 12:30 1358 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, მასში აღნიშნულია, რომ რომ ეს პროცესი უკიდურესი შეშფოთების საგანია რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს.

მსგავს დესტრუქციულ ამოცანებს ემსახურება აგრეთვე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავება, იქ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნის განთავსება და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე.

უწყება დაუკავშირდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს, ქართულმა მხარემ საკითხი ასევე დასვა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ეუთოს მუდმივ საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა ქმედითი ჩართულობის თხოვნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში