რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძე ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე?

16 სექტემბერი 2019, 22:55 4626 ნახვა

''მეჩეთის მშენებლობაზე არ ვიცი დეტალები, გავეცნობი აუცილებლად. იცით როგორ ვუყურებ ამას? ჩვენი ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა თქვენ გინახავთ რა მდგომარეობაშია?'' - ეს კომენტარი საზოგადოებრივი მოძრაობა ''ლელოს'' დამფუძნებელმა, აჭარის მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანი დაინტერესდა, რას ფიქრობდა მამუკა ხაზარაძეს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე.

''ლელოს'' დამფუძნებელმა საკითხზე საუბრისას, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესიების მდგომარეობა გაიხსენა. 

''მე, როგორც ქართველი და მართლმადიდებელი ამ თემას წამოვწევ და არანაირად არ ვუპირისპირებ მეჩეთის მშენებლობის საკითხს. თქვენ მეკითხებით ჩემი აზრი როგორია და ჩემი აზრი არის, თუ კანონია დარღვეული ეს უნდა გადაიხედოს. საქართველოში რელიგიური ნიშნით არავინ არავის შეუზღუდავს და ნურავინ ნუ მოგვახვევს ჩვენ ამას თავზე, ნურც ბათუმში, ნურც მთაში და ნურც ბარში. 

მე მინდა ქართულ ეკლესიებსა და ტაძრებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთაა ისევე ეპყრობოდნენ, როგორც ჩვენ სხვა რელიგიების მიმართ გვაქვს დამოკიდებულება. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი.

ჩემი დიდი ბებია იყო ხალვაში, ბაბუის დედა. ეს ოჯახი იყო მუსლიმანი,  თუმცა ჩემი დიდი ბებია მონათლული იყო ქრისტიანულად. წესი იყო აჭარაში,  რომ მრავალშვილიან ოჯახში ერთ შვილს ნათლავდნენ ქრისტიანულად. ეს არის ძალიან დიდი კულტურა. ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულება.

დავა არ ვიცი, ჩემი თავი ენაცვალოს ყველა ქართველს, მუსლიმანი იქნება, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი. ჩემი თავი ენაცვალოს ყველას, ვისაც საქართველო უყვარს და არავინ არავის არ უნდა აუკრძალოს ლოცვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი'' - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

''ლელოს დამფუძნებელმა თქვა, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემაზე სამართლებრივ დეტალებს მოგვიანებით აუცილებლად გაეცნობა. ''გავეცნობი, მინდა საქმის კურსში ვიყო, მანამდე კი გეტყვით, რომ თუ კანონი დარღვეულია საკითხი  უნდა გადაიხედოს''...  

მუსლიმი თემი, ბათუმის მერიის წინააღმდეგ უკვე 2 წელია დაობს.

დავის საგანი, 2017 წლის 5 მაისს, მუსლიმების მიერ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარისთქმაა. მოსარცელე მხარე მიიჩნევს, რომ მერიის მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია. 

სხდომები, მოლაპარაკების მოტივით, ბოლო სამ თვეში რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს დიალოგის გზით შეთანხმების მისაღწევად ვადა მისცა. სასამართლო პროცესების გადადების ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნოდა. 

ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 26 სექტემბერს გამოაცხადებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში