პოლიციელის მხრიდან იარაღის მიბჯენაზე საქმე არ აღძრულა - "გაზეთ ბათუმელების" საქმე 

23 სექტემბერი 2019, 18:28 1942 ნახვა

"გაზეთ ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის ოჯახის 5 წევრი პოლიციელზე ძალადობის მუხლით დააკავეს. მათ პროკურატურა შს სამინისტროს თანამშრომელზე, რომელიც შვებულებაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავდასხმას ედავება.  

პროკურატურის ვერსიით, 16 სექტემბერს, პოლიციელმა როინ კოჩალიძემ ბარათაშვილის ქუჩაზე, 5 პირს წესრიგისკენ მოუწოდა, შელაპარაკების დროს ისინი სამართალდამცველს თავს დაესხნენ. 

ბრალდებულები კი, პოლიციელს ბრალს სდებენ იარაღის უკანონო გამოყენებაში. მათი მტკიცებით, არასამუშაო საათებში, პოლიციელი მოქალაქეებს გინებით მივარდა და ერთ-ერთ მათგანს იარაღი მიაბჯინა.  

დაპირისპირება, როგორც ბრალდებულები ჰყვებიან, პოლიციელის მანქანას უკავშირდებოდა. შკოდას ფირმის ავტომობილი იმავე ადგილზე იყო, სადაც ტაქსს ელოდებოდნენ. მათ ცუდი პოლიციელის მისამართით უცენზურო რეპლიკები ისროლეს. რის შემდეგაც, სადარბაზოდან სამოქალქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი გამოვარდა, აგინა და ერთ-ერთ მათგანს იარაღი მიაბჯინა.  

პოლიციისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, როინ კოჩალიძე ადასტურებს, რომ ის შეიარაღებული იყო, თუმცა დასძენს, რომ კარგად იცის იარაღის მოხმარების წესები. როინ კოჩალიძის თქმით, მას იარაღი არ დაუმიზნებია ინციდენტის მონაწილე პირებისთვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას თავს დაესხნენ.

ადვოკატების თქმით, ბრალდებულ მანუჩარ ამაღლობელს ინციდენტის დროს დაზიანება სამართალდამცველმა, როინ კოჩალიძემ მიაყენა და პოლიციის განყოფილებიდან იგი “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, დაიწყო თუ არა გამოძიება პოლიციის შესაძლო უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 353-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით გრძელდება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ თუ სხვა ტიპის გარემოებები გამოიკვეთება, რომელიც შეიცავს დანაშაულს, ინფორმაცია პროკურატურას გადაეცემა.  

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო, რაც მოგვიანებით 353-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა (პოლიციელზე თავდასხმა). 

"გაზეთ ბათუმელების" რედაქტორი, ეთერ თურაძე მიიჩნევს, რომ დაკავებულებს ბრალდება პოლიციელის, როინ კოჩალიძის გავლენების შედეგად დაუმძიმეს. საქართველოში ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემის რედაქტორს ეჭვი აქვს, რომ ეს ფაქტი "გაზეთ ბათუმელებისთვისაც" ერთგვარი მესიჯი იყო.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში