ქობულეთის სანაპიროზე კაფეს მეპატრონე თვითდაზიანებით იმუქრება

25 სექტემბერი 2019, 12:39 11917 ნახვა

ქობულეთში, გამგეობის გვერდით, სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ "მონოპოლში" დემონტაჟისთვის აღსრულების ბიურო შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა.  ობიექტის მეპატრონეები დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან და თვითდაზიანებით იმუქრებიან. 

პოლიციასთან რამდენჯერმე მოხდათ შეხლა-შემოხლა.  დაპირისპირების შემდეგ, ცუდად გახდა ერთ-ერთი მეპატრონე და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

კაფე-ბარის მფლობელები მბობენ, რომ დასაქმებული ყავთ ყველა სეზონზე 40-ზე მეტი ადამიანი, შენობის დემონტაჟით კი მილიონამდე ლარის ზარალს მიიღებენ:  "ამ ადგილის გაყიდვა უნდა მერიას, ამიტომაც ანგრევენ ჩვენს კაფეს". 

აღსრულების ბიუროს, კაფე-ბარის დემონტაჟზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მიმართა. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული მეპატრონეები, რომ საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, საქმიანობას უკანონოდ ეწეოდა და თავად დაეშალა შენობა.  მერიაში ამბობენ, რომ მოთხოვნას არ დაემორჩილდნენ და ამის შემდეგ მიმართეს აღსრულების ბიუროს. მათივე განმარტებით, სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა იგეგმება.

''სანაპირო ზოლის პროექტი შეძენილი არის 2016 წელს. მიმდინარე წლისთვის მუნიციპალიტეტმა მოიძია შესაბამისი თანხები და დაიწყო ბულვარის განაშენიანება, სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები. აღნიშნული გულისხმობს რეკრეაციული, გამწვანებული ზონების მოწყობას, ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის გაგრძელებას  ხელს უშლის უკანონო ობიექტების მეპატრონეები.   

მშენებლობის შესახებ დიდი ხნით ადრე იყო  ინფორმირებული აღნიშნული კვების ობიექტი, მონოპოლი და არამარტო ეს ობიექტი. ტურისტული სეზონის დაწყებამდე ჩვენ თითოეულ მათგანთან გვქონდა არა ერთი შეხვედრა. სადაც ჩვენს მიერ შეთავაზებული იქნა ობიექტის ნებით დემონტაჟის პირობებში, სხვა ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე წარმოედგინათ წინადადებები განსახილველად. რაზეც მეპატრონეებმა სასტიკი უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს  ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იმუშავებდნენ და მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე საკუთარი ნებით და საშუალებებით განახორციელებდნენ დემონტაჟს, თუმცა შეთანხმება არ შეასრულეს'' - წერია მერიის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში. 

ვიდეო: ლოლა ანანიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში