პატიმარს ვერ შეაფასებს პრეზიდენტი, ვერც პრემიერი და ვერც მხატვარი - თეა წულუკიანი 

26 სექტემბერი 2019, 12:13 1717 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ კონკრეტული, ინდივიდუალური პატიმრის საქმეს ვერც საქართველოს პრეზიდენტი შეაფასებს, ვერც პრემიერ მინისტრი და ვერც მხატვარი. თეა წულუკიანის თქმით, ეს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. 

მინისტრი მიიჩნევს, რომ რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება კანონით არ უნდა აიკრძალოს.

''მე არ მგონია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს, რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება საერთოდ. უბრალოდ, უნდა დადგინდეს მკაფიო კრიტერიუმები, როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი ამა თუ იმ ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება. განვმარტავ -  როდის ნიშნავს იმას, რომ გამორიცხული უნდა იყოს მკვლელის შეწყალება, თუ მას მისჯილი აქვს მაგალითისთვის 9 წელი, ორი წლის თავზე. 

თუ მკვლელს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ჩვენ ალბათ არ უნდა დავუშვათ ის, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდეს, ერთ დღეს, 20 წლის, 25 წლის შემდეგ, მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მონანიების ხარისხის გათვალისწინებით შეწყალების უფლებით. ამიტომ ჩვენ კრიტერიუმები უნდა დავხვეწოთ და არა აკრძალვების გზით ვიაროთ'' - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი კონსტიტუციას არღვევს. 

„კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება, შეიწყალოს ადამიანი. მოცემული კონკრეტული კონიუნქტურიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, დროებით არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებებს, ვიდრე ეს პროცესი არ დაიხვეწება,'' - აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ღელავს, შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი დიდხანს არ გაგრძელდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში