მოსამართლეობის კანდიდატს ჰგონია, რომ სახელმწიფო აღიარებს ერთ რომელიმე ღმერთს - გიორგი მშვენიერაძე

27 სექტემბერი 2019, 23:02 2590 ნახვა

"აი, იცით რა?.. კონცენტრირება მიჭირს" — ასე უპასუხა უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა, მამუკა ვასაძემ კითხვაზე, რომელიც პატივისა და ღირსების განსხვავებას ეხებოდა. მოსამართლეობის კანდიდატს, რომელიც ამავე დროს პროკურორის პირველი მოადგილეა, კითხვა კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ დაუსვა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მოსამართლეობის კანდიდატზე მშვენიერაძემ განაცხადა, რომ მამუკა ვასაძემ ვიწროდ იცის სისხლის სამართალი, საქმის წარმოების სტანდარტები და წესები, ფართო წარმოდგენა არც სისხლის სამართალზე არ გააჩნია და არც კონსტიტუციურ სამართალზე.

"ეს არის ძალიან ცუდი. ასეთი კანდიდატი არათუ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობისთვის, არამედ რიგით პროკურორადაც კი შესაძლებელია არ მემეტებოდეს. განსაკუთრებით კი ის არის მნიშვნელოვანი, რომ ბატონი მამუკა აჭარიდანაა და მან ნესტორ ხვინგიას შესახებაც არ იცოდა. ადამიანზე, რომელმაც 1921 წლის კონსტიტუცია შემოგვინახა და აჭარაში საკუთარ სტამბაში დაბეჭდა.

მას ჰგონია, რომ საქართველოს სახელწიფო აღიარებს ერთ რომელიმე ღმერთს და ის არის ჭეშმარიტებად გამოცხადებული. მას ჰგონია, რომ პატივი და ღირსება იდენტური ცნებებია და ვერ მიჯნავს ერთმანეთისგან. ეს სამართალში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. მას არ შეუძლია ისაუბროს დისკრიმინაციის საქმეების განხილვისას რა უნდა გამოიყენოს სასამართლომ. მას არ შეუძლია ისაუბროს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებზე და ზოგადი შეფასებები აქვს. ერთადერთი, რაც მან გვაჩვენა, იყო ის, რომ ის იყო ჩართული რამდენიმე გახმაურებული საქმეების გამოძიებაში და მისი კვალიფიკაცია და უნარები შესაძლებელია იყოს საკმარისი გამოძიების საწარმოებლად" - ამბობს  მშვენიერაძე. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გულდასაწყვეტია, როცა გენერალური პროკურორის მოადგილეს, ასეთი ვიწრო პროფესიული ცოდნა გააჩნია.

"მას იმის დასახელებაც გაუჭირდა, თუ რომელმა სამართლებრივმა ან ფილოსოფიურმა ნაშრომმა მოახდინა მასზე ზეგავლენა. თუნცად ასეთი ერთი ნაშრომი დაესახელებინა. სამწუხაროდ, მან ესეც კი ვერ მოახერხა. იმედგაცრუებული ვარ მისი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების საკითხით არამარტო უზენაესი სასამართლოსთვის, არამედ იქაც, სადაც მას მოქმედი თანამდებობა უკავია.

კითხვები დავუსვით კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. მათ შორის, როგორც მოქალაქე ხომ არ აღიქვამდა სასამართლოში ხელისუფლების მიერ გავლენის მოპოვების მცდელობად, როცა შესაძლებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პირადი ადვოკატი გახდეს. პასუხი იყო, რომ არა, ეს ამას ასე არ აღიქვამდა" - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში