''ქართული ოცნება'' ამომრჩეველს დიდი საქმეებით გაჯერებულ 7 წელს ულოცავს  

01 ოქტომბერი 2019, 18:15 3254 ნახვა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მმართველობის 7 წელს ულოცავს. 

ქვეყანას წლები დაჭირდა, რომ წარსულისთვის ჩაებარებინა ძალადობაზე, შიშზე და წამებაზე დაფუძნებული მძიმე მემკვიდრეობა - წერია ოცნების განცხადებაში. 

მთავარ მიღწევებად დასახელებულია კონსტიტუციური, სასამართლო, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, ასევე მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. 

განცხადებაში წერია, რომ განვლილი შვიდი წელი გაჯერებული იყო დიდი საქმეებით, გამარჯვებებით და მიღწევებით.

''ეს ის შედეგებია, რომელიც მიიღწეულ იქნა დესტრუქციული ძალების ქმედებების და მათი მედია-პროპაგანდის ფონზე. იმ ფონზე, როდესაც რევანშისტული ძალები ამ მიღწევებს უპირისპირებდნენ სიცრუის ტირაჟირებას, რეალობის მოდელირებას და შვიდი წლის მანძილზე ცდილობდნენ სიკეთის ბოროტებად, თეთრის შავად წარმოჩენას'' - აღნიშნულია ''ქართული ოცნების'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

''7 წელი გავიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული მოვლენიდან.

ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის კოალიციამ არჩევნების გზით გაიმარჯვა ძალადობრივ რეჟიმზე.

ქვეყანას წლები დაჭირდა, რომ წარსულისთვის ჩაებარებინა ძალადობაზე, შიშზე და წამებაზე დაფუძნებული მძიმე მემკვიდრეობა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს 1 ოქტომბრის გამარჯვების ფასი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სახით და რა სისასტიკეზე გავიმარჯვეთ ყველამ ერთად.
უკვე შვიდი წელია ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყოველ არჩევნებზე ადასტურებს 1-ლი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელს მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართული საზოგადოება რევანშს არ დაუშვებს.
„ქართული ოცნება“ აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, პროგრესი და სწრაფვა კეთილდღეობისკენ.

კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია - განვლილი შვიდი წელი გაჯერებული იყო დიდი საქმეებით, გამარჯვებებით და მიღწევებით. ეს ის შედეგებია, რომელიც მიიღწეულ იქნა დესტრუქციული ძალების ქმედებების და მათი მედია-პროპაგანდის ფონზე. იმ ფონზე, როდესაც რევანშისტული ძალები ამ მიღწევებს უპირისპირებდნენ სიცრუის ტირაჟირებას, რეალობის მოდელირებას და შვიდი წლის მანძილზე ცდილობდნენ სიკეთის ბოროტებად, თეთრის შავად წარმოჩენას.

დღეს მიღწეულია დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და ამის კიდევ ერთი დასტურია მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ისახავს მიზნად. არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებულ ტრადიციად იქცა ქართული დემოკრატიისთვის. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოავლენს უზენაეს ნებას - ვის ანდობს ქვეყნის მართვას.

ერთად განვლილი შვიდი წელი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თანმიმდევრულ, მშვიდობიან და ადამიანზე ორიენტირებულ პასუხისმგებლიან პოლიტიკას აწარმოებს და მას შესწევს ძალა, ქართველ ხალხთან ერთად დაძლიოს ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ და ქვეყანას აუცილებლად დავაყენებთ შეუქცევადი განვითარების რელსებზე!

გილოცავთ დღევანდელ დღეს!'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში