ბათუმში ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ელოდებიან

02 ოქტომბერი 2019, 11:40 1986 ნახვა

ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვიზიტი ხვალ, 3 ოქტომბერს დაიწყება. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში  ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი იქნება, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წევრებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. ასევე შეხვედრები გაიმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები ბათუმის პორტში საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციას წაიკითხავს.  

საგარეო უწყების ინფორმაციით, წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც  საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

''საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნონ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით'' - წერია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხს განიხილავენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში