ბათუმი ნატოს მასპინძელ ქალაქად შემთხვევით არ შეურჩევიათ - ალექსანდრე მაისურაძე

03 ოქტომბერი 2019, 11:30 1788 ნახვა

ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტი დაიწყო. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი იქნება, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.

ნატოში საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში ორი მთავარი გზავნილი აქვს. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილი, ხოლო მეორე პრაქტიკულ თანამშრომლობაში მიღწეული შედეგები.

ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩრდილო ატლანტიკური საბჭო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სუვერენიტეტის და ტერიტორიულ მთლიანობას.

მაისურაძემ შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბათუმი ალიანსის მასპინძელ ქალაქად შემთხვევით არ შეურჩევიათ.

''გაგვაჩნია კონკრეტული მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამის გარდა საუბარია ინფორმაციიის გაცვლაზე, ასევე სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის, ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო შენაერთებთან თანამშრომლობაზე. შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობა დინამიურად, ეფექტურად და მიზანმიმართულად განხორციელდება'' - ამბობს ნატოში საქართველოს წარმომადგენელი. 

ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში