ტელევიზიები, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს საფრთხის წინაშე დგას

03 ოქტომბერი 2019, 19:45 2499 ნახვა

ტელევიზიები, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს საფრთხის წინაშე დგას, სწორედ ეს გზავნილი გადავეცით ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვედრაზე - უთხრა თამარ კინწურაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ უცხოელ ელჩებს საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე მოუყვა. მათ შორის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზეც. 

''აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელოვნურად არის შექმნილი კრიზისი და გადავეცი ის წუხილი, რომელიც ტელევიზიის თანამშრომლებს აქვთ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ აჭარის ტელევიზიის მუშაობას, არჩევნების გაშუქებას. მიუხედავად ამისა პროცესი დაიწყო ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით და შემდეგ უკვე გაგრძელდა სხვა მიმართულებით. ამაში ჩაერთო სასამართლოც. სწორედ ეს გამოწვევები იყო, რაც ჩვენ განვიხილეთ.

ნატოს წევრ ქვეყნებს აინტერესებთ საქართველოში არსებული მდგომარეობა დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში. მე ვისაუბრე მედიაში არსებულ გამოწვევებზე და ავღნიშნე, რომ დღესდღეობით 4 ტელევიზია, რომლის სარედაქციო პოლიტიკას ვერ აკონტროლებს ხელისუფლება არის პრობლემების წინაშე. სამი მედიის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი პროცესია დაწყებული. ორ შემთხვევაში გენერალური დირექტორის მიმართ, ტვ პირველის შემთხვევაში კი, ეს არის ტელევიზიის მფლობელის ოჯახის წევრთან დაკავშირებით'' - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის დირექტორმა.

თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს უამბო, როგორ იყენებს ხელისუფლება რუსულ მეთოდებს ტროლებისა და ბოტების სახით კრიტიკული მედიის, პოლიტიკური ოპონენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გააკეთეს.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში