მივესალმებით, თუ საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება - ნათია თურნავა

17 ოქტომბერი 2019, 12:10 1431 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენას მიესალმება. ნათია თურნავას განმარტებით, „როსავიაციის“ მიერ „სიბირის ავიახაზებისთვის“ მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვის მიცემა, შეზღუდვების მოხსნას არ ნიშნავს.

''ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგება. რა ფაქტსაც ასახელებთ ეს გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ჯერჯერობით, ეს არ ნიშნავს ფრენების აღდგენას. ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რამე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ მივესალმებით, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, -  უთხრა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

აღდგება თუ არა რუსეთ საქართველოს შორის  ავიამიმოსვლა? დღეს ორი სხვადახვა ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“ ფაქტს უარყოფს, აქ განმარტავენ, რომ ავიაკომპანია „სიბირ"-მა მხოლოდ ნებართვა მიიღო და ავიარეისების შესრულებას საქართველოსთან მიმოსვლის სრულად აღდგენის შემდეგ დაიწყებს.

გუშინ ზოგიერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს და საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლა აღდგა.

პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში