ვაპროტესტებთ ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას - აქცია პარლამენტთან 

23 ოქტომბერი 2019, 10:48 1846 ნახვა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში კი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

''არა სასამართლოს ოკუპაციას'' - ამ ბანერებით მივიდნენ აქციაზე მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის აქტივისტები. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მოსამართლეები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დროს მიკერძოებული გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდნენ, უვადოდ არ უნდა დაინიშნონ. 

''ვაპროტესტებთ ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, რომლებიც წარსულის გადმონაშთები და სისხლიანი ცხრა წლის მთავარი შემოქმედები არიან.  მათ ერთი ჩაქუჩის დარტყმით განაჩენი გამოჰქონდათ, როგორც ახალგაზრდებისთვის ისე ზრდასრულებისთვის და უნგრევდნენ ცხოვრებას. ეს ადამიანები ნამდვილად არ უნდა ასოცირდებოდნენ ჩვენს მომავალთან, საქართველოს მომავალთან. ამ მოსამართლეების გამოტანილ განაჩენებში საფრთხე იგრძნობოდა'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თემურ რობაქიძემ. 

აქციის მონაწილეების თქმით, სასამართლოში უნდა იყვნენ მოსამართლეები, რომელთა კომპეტენციასა და საქმისადმი დამოკიდებულებაში მოსახლეობას ეჭვი არ შეეპარება. 

''არა სასამართლო ოკუპაციას'' -  ეს ჩვენი დევიზია. სამართალი პირველ რიგში სასამართლოში უნდა იყოს დაცული. სასამართლო სისტემაში უნდა იყოს ისეთი მოსამართლეები, რომლის სამართალში მოსახლეობას ეჭვი არ შეეპარება. ხალხის ხმა მართ არჩევაში მნიშვნელოვანია. სამართალი გარეთ როგორ იქნება დაცული თუ ეს სასამართლოში არ არის? - ამბობს სულხან მარჯანიშვილი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში