ფერმერები ნიორს სად დათესავდნენ ვერ გავაკონტროლებდით - სამინისტრო ნივრის პროგრამაზე

23 ოქტომბერი 2019, 17:37 1673 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აუდიტის მიერ დასკვნაში ასახულ შენიშვნებს ნაწილობრივ იზიარებენ.

სამინისტროში დასკვნის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ფორმალურ ბაზრის კვლევაზე არ ეთანხმებიან. ამბობენ, რომ  სიღმისეული ბაზრის კვლევა განხორციელდა, უშუალოდ მწარმოებელ და შიდა ბაზარზე მონაწილე კომპანიებთან. 

ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის დაგეგმა სწორად მოხდა და შესასყიდი ფასიც  რეალური იყო.

"ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა 2017 წელს და ის განხორციელდა ბაზრის კვლევის საფუძველზე. 2016 წელს შესყიდვა დაგეგმილი იყო დაბალი ფასით და ამიტომაც  ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა. პროგრამა ერთ წელში დაგეგმილ შედეგს ვერ მოგვცემდა. ჩვენ ქვეპროგრამას საშუალოვადიან პერიოდში განვიხილავთ. აუდიტი დროის ფაქტორიდან გამომდინარე ამ ჭრილში პროგრამას ვერ განიხილავდა"-ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსიტროს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

სამინისტროში კომენტარი კომპანიის მიერ მიღებულ 180 000 ლარიან მოგებაზეც გააკეთეს. უწყებაში ამბობენ, რომ ისინი არ არის უფლებამოსილი გააკონტროლონ  თუ რა თანხა გადაიხადა კომპანიამ შესყიდულ საქონელში.

"ეს არის ორ ბიზნესსუბიექტს შორის შეთანხმების საკითხი. არ შეიძლება ეს დაედოს საფუძვლად იმ შეფასებას, რომლითაც დავასკვნით თუ რამდენად ეკონომიკურად სწორად იყო განხორციელებული ქვეპროგრამა"- ამბობს ჯამბულ აბულაძე.

რაც შეეხება წალკაში სათესლე მასალის მოხვედრას, სამინისტროში ამბობენ, რომ ბენეფიციარებს ისინი მის გავრცელებას ვერ აუკრძალავენ.

"პროგრამის ძირითადი ბენეფიციარები იყვნენ  მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა, რომლებიც სოფლის მეურნეობას ეწევიან როგორც წალკის მუნიციპალიტეტში, ასევე ხულოსა და შუახევში. წალკის მუნიციპალიტეტი ამ კულტურისთვის  ხელსაყრელია. არ არის გამორიცხული, რომ ბენეფიციარი, რომელიც ჩაერთო პროგრამაში, მიიღო სათესლე მასალა, მისი ნაწილი წალკაში წაიღო. არასწორია კარანტინის დაწესება მოსახლეობისთვის, სათესლე მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით. მთლიანობაში რეგიონს ამით არაფერი არ დაუკარგავს. ამგვარი კონტროლი ვერ განხორციელდებოდა და  მიზანშეწონილიც არ არის, რადგან საბოლოო ჯამში ეს დადებით შედეგს მოგვცემს"-აცხადებს ჯამბულ აბულაძე.

სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამის მიზანი-რეგიონში შემოეტანათ მაღალპროდუქტიული, უვირუსო ნივრის ჯიში მიღწეულია.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნივრის სარგავი მასალის შესყიდვის პროგრამა მოხდა.  აუდიტი ამბობს, რომ ციფრები  მკაფიოდ მიუთითებს შესყიდვის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რამაც არაეკონომიური ხარჯი გამოიწვია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში