ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დამკვირვებელი დააკავა - EUMM

24 ოქტომბერი 2019, 23:15 1734 ნახვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM-ის) ინფორმაციით, 24 ოქტომბერს, მათი ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია მომხდარს გამოეხმაურა. აღნიშნულია, რომ  დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს. საკითხს კი,  ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც ერგნეთში გაიმართება. 

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავების დეტალების გარკვევა ჯერ კიდევ გრძელდება. პატრული კი, თბილისი მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.

„24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა.

უსაფრთხოების საკითხებში უკანასკნელი მოვლენების განვითარების შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ღრმად შეშფოთებულია ამ შემთხვევით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები დამკვირვებლებს ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლიან“, – ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში