პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად აღძრავს პოლიტიკურ, თუ სხვა სახის მიკერძოებაზე ეჭვებს - EMC

25 ოქტომბერი 2019, 18:37 1539 ნახვა

EMC პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობის დატოვების ფაქტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამსახურიდან პროკურორი წავიდა, მიზეზად კი უწყებაში არსებული სისტემური პრობლემები დაასახელა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები წერენ, რომ პროკურატურის პოლიტიზირება, გაუმართავი ორგანიზაციული მოწყობა და საკადრო პოლიტიკა, ინდივიდუალურ პროკურორთა უფლებამოსილებათა არასაკმარისად ნათლად მოწესრიგება, პროკურორთა სუბორდინაციის ბუნდოვანი რეგულირება უწყებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

EMC-ის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გენერალურ პროკურორსა და საპროკურორო საბჭოს შორის ფუნქციები არაჯეროვნად არის გადანაწილებული. განცხადებაში, წერია სახელმწიფომ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ამით, შესაძლოა, კიდევ უფრო დაზიანდეს პროკურატურის რეპუტაცია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

''გარდა ინსტიტუციური საკითხებისა, გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია შერჩევით დამოკიდებულებაზე როგორც თანამშრომლების, ისე  სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირების (ბრალდებულების) მიმართ. აღნიშნული კი შესაძლოა მიუთითებდეს ერთი მხრივ - უწყების შიგნით არსებულ არასაკმარის შრომით გარანტიებზე თანამშრომლების მიმართ, მეორე მხრივ კი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შერჩევითად წარმართვის საფრთხეებზე, რა დროსაც კონკრეტული პირების მიმართ გადაწყვეტილება მიიღება მისი პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილების გათვალისწინებით.

არსებულ პრობლემებს მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტი, რომ გენერალურ პროკურორს და საპროკურორო საბჭოს შორის ფუნქციები არაჯეროვნად არის გადანაწილებული. მოქმედი რეგულაციები, აბსოლუტურად დამოკიდებულს ხდის სისტემის ნებისმიერი დონის თანამშრომელს გენერალურ პროკურორზე, ასევე ​დაუბალანსებლად დიდია ზემდგომი პროკურორის გავლენა ქვედა რგოლის პროკურორებზე. ამ ვითარებაში, რთულია, უზრუნველყოფილი იქნეს უწყების მიუკერძოებელი საქმიანობა და სისტემაში არსებობდეს თანამშრომელთა დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები. ამავდროულად, პროკურატურა კვლავაც არაა საკმარისად გამჭვირვალე უწყება და მის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად აღძრავს პოლიტიკურ, თუ სხვა სახის მიკეროებაზე ეჭვებს.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ რეაგირების გარეშე არ დატოვოს აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ამით შესაძლოა კიდევ უფრო დაზიანდეს პროკურატურის რეპუტაცია და სანდოობის ხარისხი საზოგადოების თვალში. შესაბამისმა ორგანოებმა სრულყოფილად უნდა შეისწავლონ არსებული ვითარება, დაადგინონ ერთი მხრივ, განცხადებაში მოყვანილი პრობლემების რეალურ ფაქტებთან შესაბამისობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყონ განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ნებისმიერი

არსებულ ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ:

. საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს პროკურატურაში არსებული ვითარებით და გამოიყენოს რეგლამენტით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილება, მოსთხოვოს გენერალურ პროკურორს დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა როგორც განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე, ისე ზოგადად უწყების საქმიანობაზე;

პარლამენტმა, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, განაახლოს მსჯელობა პროკურატურის სისტემის რეფორმირებაზე, მათ შორის, ადმინისტრაციული უფლებამოსილებების გადანაწილებაზე და ამ მიმართულებით საპროკურორო საბჭოს როლის გაძლიერებაზე. რეფორმამ ასევე უნდა უზრუნველყოს უწყების ფარგლებში ინდივიდუალური პროკურორების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა;

დღის წესრიგში დადგეს სისტემის თანამშრომელთა შრომითი უფლებების და მათი სოციალური გარანტიების შეფასებისა და გაუმჯობესების საკითხი, აგრეთვე მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული გენდერული ნიშნით პროკურატურის თანამშრომლების შევიწროვების საფრთხეები;

შემუშავდეს მექანიზმები, რათა უწყების ნებისმიერი თანამშრომელი დაცული იყოს არაკანონიერი და არალეგიტიმური გავლენისგან და შეიქმნას მთლიანი სისტემის გამჭვირვალე, დამოუკიდებელი ფუნქციონირების გარანტიები'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში