''იქნებ უკვე წაღებულია პერსონალური ინფორმაცია'' - ლევან ბოძაშვილი კიბერშეტევაზე

28 ოქტომბერი 2019, 17:13 1918 ნახვა

დღევანდელი კიბერშეტევების მასშტაბურობა ადასტურებს, რომ ქვეყანაში კიბერდაცვის სისტემები არ არსებობს - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე.

ლევან ბოძაშვილის თქმით, ამ ეტაპზე არავინ იცის რა ტიპია მასალებია წაღებული. ''შეიძლება ვიღაცეები ამბობდნენ, რომ საინტერესო ინფორმაციების წაღებას ვერ მოახერხებდნენ, თუმცა ჩვენ რა ვიცით რა გაიტანეს, იქნებ უკვე წაღებულია პერსონალური ინფორმაცია'' - უთხრა მაუწყებელს ლევან ბოძაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე პასუხისმგებლობას იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცის სამინისტროს კიბერუსაფთხოების ბიუროს აკისრებს. ამბობს, რომ ამ დრომდე არცერთ სახელმწიფო უწყებას საფრთხეები არ შეუფასებია და განმარტებები არ გაკეთებულა.  

''ასეთი მასშტაბური შეტევა როცა არის, ეს ნიშნავს, რომ დაცვის მექანიზმი არ არსებობს. დავინახეთ ურემია გადაბრუნებული და დავიწყოთ ფიქრი იმაზე რა გამოვა აქედან. აღნიშნულ საკითხზე პროფესიონალი ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია საუბრობდა, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. 

რომელიმე სახელმწიფო ორგანომ შეაფასა ჰაკერული თავდასხმის მასშტაბი? ზიანის მასშტაბი, შეტევის მასშტაბი? თქვეს რა არის წაღებული, ვინმემ იცის რამე ამის თაობაზე? აი ეს არის პრობლემა... საფრთხე უამრავია, პირველ რიგში სასამართლოზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ სისტემის ელექტრონული წარმოების სისტემა არის დაუცველი. არსებობს ბაზებიდან პერსონალური მონაცემების მასიური გაჟონვის საფრთხე, მათ შორის საიდუმლო საქმეები. 

მსოფლიოში ტრანზაქციები 95 % ხდება კიბერსივრცეში, ამ დროს კი, ქვეყანას არ გააჩნია კიბერ დაცვითი სტრატეგია.. ამ შეტევით გამოჩნდა რაღაცეები... ,შეიძლება ასეთი შეტევები ყოველდღიურად ხდება, თუმცა ინფორმაცია არ გამოდის. შეიძლება გუშინაც მოხდა, გუშინწინაც და სულ ხდება. ამაზე სასწრაფო და დაუყოვნებლივი რეაგირებაა აუცილებელი. როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება შეფასებების გაკეთება ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ერთის მხრივ ეს ან ხელშეწყობილია, ან საკითხი არავის აინტერესებს'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლევან ბოძაშვილმა. 

დღეს, 28 ოქტომბერს, კიბერშეტევა განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე. გარდა ამისა დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი. საიტების გახსნისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით: მე დავბრუნდები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში