პოლიციელის და ჩინოვნიკის ჩადენილ დანაშაულს სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს

01 ნოემბერი 2019, 10:00 1583 ნახვა

1 ნოემბრიდან სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განახორციელებს.

საქმიანობის პირველ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდება. საგამოძიებო სამსახურის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამმართველოებში თავდაპირველად 16 გამომძიებელი იქნება დასაქმებული.

სამსახურში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი (ნომერი - 199), რომელიც 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლეა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:

✓ წამება;

✓ წამების მუქარა;

✓ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა;

✓ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით;

✓ სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით 2019 წლის 10 მაისიდან ჩამოყალიბდა. აპარატის გარდაქმნა სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვამ განაპირობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში