მოწმეს არ სურს მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულთა უდანაშაულობას დაასაბუთებს - ადვოკატი 

31 ოქტომბერი 2019, 16:08 2015 ნახვა

მერიის მაღალჩინოსნების საქმის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურორს მოყვანილი ჰყავს მოწმე, რომელსაც არ სურს დაცვის მხარეს მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულთა უდანაშაულობას დაასაბუთებს.

უფლებადამცველის განმარტებით, ''ბაზის ბანკის'' გაცემულ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ აღნიშნული დაწესებულება იყო ბანკი. ადვოკატის ინფორმაციით, მოწმემ თქვა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, თუმცა მერიის თანამშრომლებს და კომისიის წევრებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მოწმე კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებდა, რაზეც მოსამართლე დავით მამისეიშვილმაც ისაუბრა. 

''ბაზის ბანკის მიერ გაცემულ დოკუმენტში პირდაპირ იყო მითითებული იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული დაწესებულება იყო ბანკი. არაერთ დოკუმენტში არის აღნიშნულთან დაკავშირებით მითითება. გამომდინარე აქედან მერია ვალდებული იყო დაყრდნობოდა აღნიშნულ დოკუმენტაციას. რაც შეეხება მოწმის განმარტებას, თითქოს ეს იყო ტექნიკური შეცდომა და ხარვეზი ამასთან დაკავშირებით თავადვე განმარტა, რომ ამის შესახებ მერიის არცერთი თანამშრომლისთვის არ უცნობებია.

პროკურატურის პოზიცია, რომ მერიას უნდა სცოდნოდა ამის თაობაზე არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება მათივე მიცემულ ჩვენებას. ტექნიკური ხარვეზის შესახებ მერიას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია, მერის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ ეს არ იყო საბანკო დაწესებულება ეს კარგად დასაბუთებული არგუმენტია.

ჩვენი შეკითხვები ეხებოდა ავიზირების დეტალებს. ყველამ კარგად მოისმინა, რომ უმნიშვნელოვანეს კითხვებს მოწმემ ვერ უპასუხა. უფრო მეტსაც გეტყვით, მოსამართლემ თავად განაცხადა დარბაზში, რომ მოწმე თავს არიდებს ადვოკატის კითხვებს პასუხები გასცესო. საზოგადოებამ შეაფასოს ასეთი მოწმის ჩვენება, რომელიც მოდის სასამართლოში რომ უპასუხოს ყველა შეკითხვას და განზრახ არ პასუხობს. თუ მოწმე ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ეს ბრალდებულების სასარგებლოდ იქნება'' - ამბობს ადვოკატი. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს ''ბაზის ბანკის'' ორი თანამშრომელი დაკითხეს. ეს სწორედ ის ბანკია, რომელმაც ''ფოინთ ბანკის'' ნამდვილობაზე ავიზირება გააკეთა ანუ მერიას დაუდასტურა, რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობს. მოწმემ თქვა, რომ ბაზის ბანკს არ ჰქონდა ვალდებულება გადაემოწმებინა ''ფოინთ ბანკის'' ან სხვა ბანკის ნამდვილობა, რადგან ის სვიფთის სისტემის მონაწილე ორგანიზაციაა. მოწმემ თქვა რომ ამაზე უფრო მაღალი სტანდარტი საფინანსო ინსტიტუტისთვის არ არსებობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში