ქედის რესურსცენტრმა რელიგიურ გაერთიანებასთან შეხვედრით, დაარღვია განათლების კანონი - EMC

01 ნოემბერი 2019, 16:27 2182 ნახვა

სხალთის ეპარქიის წარმომადგენლები გუშინ ქედის რესურსცენტრში ქედის სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. როგორც ეპარქიის ფეისბუქ-გვერდიდან ირკვევა შეხვედრა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც 12 მაისს აღინიშნება.

ვიდეოში ისმის ისტორიასა და მნიშვნელობაზე საუბარი. შემდეგ კი ხიჭაურის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ქედის სკოლების პედაგოგები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

მაგალითად სოფელ ოქტომბრის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მათი ვალდებულებაცაა, რომ განხილული საკითხი მიიტანონ აღსაზრდელებთან, რათა „მოექცნენ და დაუბრუნდნენ ძირძველ სარწმუნოებას.“

ამ ფაქტს გამოეხმაურა არასმთავრობო ორგანიზაცია EMC, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ტიპის შეხვედრები არღვევს გ​ანათლების შესახებ კანონის მკაცრ მოთხოვნებს, რელიგიური გაერთიანებებისგან საჯარო სკოლების დამოუკიდებლობის კუთხით. 

"აშკარაა, რომ ადგილობრივი რესურსცენტრის ორგანიზებით, მხარდაჭერითა და მისი რესურსების გამოყენებით, საჯარო სკოლის დირექტორების მონაწილეობა არსებითად კონფესიური შინაარსის ღონისძიებაში, სადაც დირექტორები ღიად საუბრობენ მართლმადიდებლურ რწმენაზე მოსწავლეების მოქცევის და ქრისტიანობაზე დაბრუნების მნიშვნელობაზე.

ეს არსებითად არღვევს კონსტიტუციით აღიარებული სეკულარიზმის პრინციპს და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრ მოთხოვნებს რელიგიური გაერთიანებებისგან საჯარო სკოლების დამოუკიდებლობისა (ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი). ასევე, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისთვის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ (იქვე, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი). 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” ასევე უთითებებს სკოლის დირექტორისთვის რელიგიურ პროპაგანდის აკრძალვას და თანაბარი ყურადღების გამოჩენას ვალდებულებას ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლის მიმართ" - წერია ორგანიზაციის წერილში. 

EMC მიმართავს აჭარის განათლების სამინისტროს, რომ შეისწავლოს ფაქტი და კანონის დარღვევისთვის: 

შეისწავლოს ქედის რესურსცენტრში გამართული შეხვედრის ორგანიზებაში რესურსცენტრის ხელმძღვანელის და სხვა თანამშრომლების, ასევე სკოლის დირექტორების მონაწილეობის საკითხი და მიიღოს ადეკვატური, მათ შორის, დისციპლინური ზომები მათ მიმართ;

აღკვეთოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ეგიდით საჯარო სკოლის მასწავლებლების რელიგიური ინდოქტრინაციის პრაქტიკა, რომელიც არა ერთ რეგიონში გვხდება;

 

აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ქედის რესურსცენტრიდან ინფორმაციას გამოითხოვენ და საკითხს შეისწავლიან. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში