ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც უსაფრთხოების გამოწვევებიც იზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი  

06 ნოემბერი 2019, 11:17 1291 ნახვა

''ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ მზარდ შესაძლებლობებთან ერთად დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს'' - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე მსჯელობას დაეთმობა. 

''ვაცნობიერებთ რა, მსოფლიო დინამიკაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულ გამოწვევებს და ვმუშაობთ, რათა გავაღრმავოთ ცნობიერება ცვალებადი გლობალური გარემოს შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე მსჯელობას დაეთმობა. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ნატო-ს ვალდებულებებზე, გაამყაროს აღმოსავლეთ საზღვრები მისი წევრი ქვეყნების შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებით, ასევე, საქართველოს როლზე რეგიონული სტაბილურობის დაცვაში და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

დარწმუნებული ვარ, რომ აქ გამართული დებატები და დისკუსიები განსაკუთრებით აქტუალური და გამორჩეული იქნება ხარისხითა და შედეგით, რადგანაც ვიმყოფებით იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,  ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, დესტრუქციული ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები. ეს არის გეოსტრატეგიული რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის'' - თქვა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის სიძლიერე ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. 

​''ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატო-სთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი.

ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია, თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხოების კუთხით არსებულ მზარდ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, სიამაყით აღვნიშნავ,  რომ ჩვენ გავატარეთ წარმატებული რეფორმები დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამავე დროს, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება'' - განაცხადა მინისტრმა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში