ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთ ფილმის კინოთეატრებში ჩვენება - საპატრიარქო ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"

06 ნოემბერი 2019, 15:36 2107 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, კინო-თეატრებში ფილმის ''და ჩვენ ვიცეკვეთ'' ჩვენება ყოვლად მიუღებელია. ფიქრობენ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, ბათუმსა და თბილისში დაგეგმილი ჩვენებები შემთხვევითი არ არის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი ხალხის ცნობიერების შესაცვლელად და ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი დასაცხრობად კეთდება. 

''გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან  დაკავშირების  შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: ,,მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი,.. რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ — კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა.”

ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ “W” -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული  უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.  ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა,  ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს'' - წერია განცხადებაში. 

პარალელურად "და ჩვენ ვიცეკვებთ" ფილმის საპრემიერო ჩვენების ჩაშლას, რომელიც 8-9-10 ნოემბერს უნდა გაიმართოს, აანონსებენ "ქართული მარშის" წევრები, ლევან ვასაძე და სხვა ჯგუფები, რომლებიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევიან. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ  "ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს, კულტურული საზოგადოება ვართ და ყველას შეუძლია ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. შესაბამისად, აქ სხვა კითხვები არ არსებობს". 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში