შსს სწავლობს შეიცავს თუ არა ფილმი პორნოგრაფიის ნიშნებს  

08 ნოემბერი 2019, 15:15 1548 ნახვა

 შინაგან საქმეთა სამინისტროში  მოქალაქეებს  უსაფრთხოების დაცვას პირდებიან.  უწყების  განცხადებით  დაიცავენ გამოხატვის თავისუფლებასაც, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში,  როგორც ბრიფინგზე განაცხადეს პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გარემოებების შესწავლა დაიწყეს. ყოფილმა დეპუტატმა დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მისი თქმით, აფიშაზე „და ჩვენ ვიცეკვებთ“, არ იყო დატანილი, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაუშვებელია. 

სამინისტროში განმარტეს, რომ დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში პოლიციას შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ აფიშა საერთოდ არის გამოკრული. დაახლოებით 10 აფიშაა გამოკრული სხვადასხვა ფილმების და არც ერთი იმ ფილმისა, რომელიც დღეს 20:00 საათზე უნდა გავიდეს. ჩვენ დავინტერსდით მიზეზით და მიზეზი ვერავინ აგვიხსნა.

ცენტრალურ აფიშაზე დატანებული უნდა იყოს სეანსში მონაწილე პირთა ასაკობრივი ცენზი. როცა საჯარო სივრცეში არ არის აღნიშნული გრიფირება გამოტანილი, ეს მეტყველებს, რომ ამ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ორგანიზატორებს, ალბათ, კინოთეატრის ხელმძღვანელობასაც, აქვთ რაღაც დასამალი“, - აცხადებდა ლორთქიფანიძე.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში