კინოთეატრ "აპოლოსთან"დაკავებული სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

09 ნოემბერი 2019, 13:29 1658 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ ღამით, კინოთეატრ "აპოლოსთან" დაკავებული ლაშა ჩაჩხუნაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლე კობა გოცირიძემ აქციის დროს დაკავებული ლაშა ჩაჩხუნაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ განმარტა რომ სამართალდამრღვევს ადრე გაფრთხილება ჰქონდა მიცემული და გადაწყვეტილება ამით დაასაბუთა. ჩაჩხუნაშვილმა ჩადენილი დანაშაული მოინანა და თქვა, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც უცენზურო სიტყვებით მიუმართავს. მან განმარტა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და მხოლოდ ფილმის რეჟისორს შეაგინა.

ლაშა ჩაჩხუნაშვილის დედა ამბობს, რომ პოლიცია მის შვილზე ცდილობს ჯოხის გადატეხას და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

"ჩემს შვილს არ გაუკეთებია ისეთი რამ, რომ დაეჭირათ. შეიძლება, ის თეატრთან იდგა და ილანძღებოდა, მაგრამ ეს ემოციურ ფონზე იყო. ეს არის უსამართლობა, რადგან ჯოხის გადატეხვა ხდება ამ ერთ ბიჭზე.პოლიციის თანამშრომელმა იხელმძღვანელა იმით, რომ ორი კვირის წინ მოხდა ხმამაღალი საუბარი ჩვენს ქუჩაზე. მეზობელმა გამოიძახა პატრული და ხმაურისათვის მან მიიღო გაფრთხილება. ახლა არც კი მოიკითხეს თუ რისთვის მოხდა წინა გაფრთხილება, მოსამართლემ უბრალოდ  დაამატა გუშინდელი შემთხვევაც. 1000 ლარი დაუწერეს ბავშვს ჯარიმა, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. ვაპირებ რომ გავასაჩივრო მოსამართლის გადაწყვეტილება"- ამბობს ლაშა ჩაჩხუნაშვილის დედა.

"აპოლოსთან" დაკავებული კიდევ ორი პირს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

სამართალდამცველებმა გუშინ, სამი მოქალაქე ბათუმში, კინოთეატრ ''აპოლოსთან'' აიყვანეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში