თუ მმართველი გუნდი ცვლილებებს მხარს მაინც დაუჭერს დავტოვებ უმრავლესობას - ირაკლი შიოლაშვილი 

13 ნოემბერი 2019, 11:52 1470 ნახვა

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო პროპორციულ სისტემაზე გადავა, უმრავლესობას დატოვებს. მისივე განმარტებით, შეხვედრა იყო ძალიან მძიმე, რადგან პარტიის თავმჯდომარემ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

"ვისაუბრეთ იმ რისკების თაობაზე რაც შესაძლოა ქვეყანას მომავალში დაუდგეს. არ დაგიმალავთ, რომ საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენ გვინდოდა, რომ ამ უმრავლესობის სხდომაზე გამოჩენილიყო რამდენი დეპუტატია ჩვენს აზრზე, დამდგარიყო ეს სარეიტინგო კენჭისყრაზე, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ არ  მოგვცა ამის საშუალება"- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ  ისინი გადაინაცვლებენ პარლამენტში და გააგრძელებენ კოლეგებთან მუშაობას.

"ჩვენი პოზიცია არის, რომ მხარს არ ვუჭერთ პროპორციულ სისტემას, ეს პროექტი ქვეყანას დააყენებს ძალიან დიდი რისკის ქვეშ. ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი, კონკრეტულ სოციუმზე გათვლილი, ეს არის მთელს ქვეყანაზე გათვლილი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ჩვენმა სახელმწიფომ. ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი, იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა მაინც დაუჭერს ცვლილებებს მხარს მე დავტოვებ მას"-განაცხადა "ქ​ართული ოცნების" წევრმა ირაკლი შიოლაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში