ხეების ულიმიტოდ მოჭრის უფლება აქვთ - მირიან ქათამაძე

13 ნოემბერი 2019, 16:31 2239 ნახვა

ქობულეთის მერი ამბობს, რომ კომპანია ტერიტორიაზე ხეებს კანონიერად ჭრის, მის ნაცვლად კი, სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, რეკრეაციულ ზონას გააკეთებს. მწვანე ზოლი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

მირიან ქათამაძის განმარტებით, გაჭრილი ფიჭვების ნაცვლად ''ალიანს ჯგუფი'' ქობულეთში უფრო მეტ ხეს დარგავს.

მერის თქმით, კომპანიას საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმა დაუმტკიცა, მუნიციპალიტეტმა კი მშენებლობის ნებართვა მისცა. 

''აღმაშენებლის ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს მშენებლობისათვის სამშენებლო მოედნის მომზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქობულეთის საკრებულოს მიერ არის დამტკიცებული გრგ, მერიის მიერ კი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. ნებართვის ფარგლებში გათვალისწინებულია ინვესტიციის განხორციელებისთვის ხეების მოჭრა. შესაბამისად ხის მოჭრა არ არის ლიმიტირებული მის საკუთარ ტერიტორიაზე და აუცილებელი მოქმედებებისათვის შეიძლება. აქვე გეტყვით იმას, რომ ამავე ნებართვით გათვალისწინებულია საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა ამ ტერიტორიაზე, ასევე რეკრეაციული ზონის მოწყობა. 

გრგ და ნებართვის მიხედვით ამ ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოეწყობა. ყველა ვიზიტორს და ადგილობრივ მოსახლეობას ამ სივრცესთან წვდომა უნდა გქონდეს. ისარგებლონ იმ რეკრეაციული ზონით, როდესაც აქ მშენებლობის პროცესი დასრულდება. ვფიქრობ რომ ეს კომპანია ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებს. 

ჩემი ინფორმაციით შპს ''ალიანს ჯგუფი'' გეგმავს, უფრო მეტი ხის დარგვას ქობულეთის ტერიტორიაზე, ვიდრე ამ პროცესში იქნება მოჭრილი. დაგეგმილია შესაბამისი აქცია და ვფიქრობ ეს ტერიტორია უფრო მიმზიდველი საზოგადოებრივი სივრცე გახდება, ვიდრე დღეს არის'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მირიან ქათამაძემ.

ქობულეთში მოქალაქეები ხეების ჭრას აპროტესტებენ, ამბობენ რომ ტერიტორიაზე "ალიანს ჯგუფი" დიდ სასტუმრო კომპლექსს აშენებს და მშენებლობისთვის ადგილი სჭირდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში