პროპორციული საარჩევნო სისტემა - კენჭისყრა გადაიდო

13 ნოემბერი 2019, 18:03 1259 ნახვა

ისტორიული კენჭისყრა ისევ გადაიდო, პარლამენტის თავმჯდომარე მიზეზად უმრავლესობის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. მმართველმა გუნდმა მის მიერ ინიცირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის დამტკიცება მეორე დღეა არათუ ვერ შეძლო, არამედ კენჭისყრაზე მისი ჩაგდების რისკიც  კი დაინახა.

რა სახით ჩატარდება 20-20-ის არჩევნები ხვალ გადაწყდება. უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა. უმცირესობაში არიან მმართველი გუნდის ის წევრები, რომლებიც მათ მიერ ხელმოწერილი პროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.

 თუ ასეთი 30-ი დეპუტატი აღმოჩნდება, დიდი ალბათობაა, რომ საარჩევნო ცვლილებაზე კანონპროექტი ჩავარდეს. ამბოხებული დეპუტატების დარწმუნებას დილით ბიძინა ივანიშვილი შეეცადა, რომელიც, როგორც თავად განმარტავენ, ზეწოლას ახორციელებდა დეპუტატების პოზიციის შესაცვლელად. ამ პროცესს სპექტაკლს უწოდებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ ყველა სცენარს წერს პარტიის თავმჯდომარე და ისე ხდება, როგორც მას სურს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში