ვტოვებ ''ქართული ოცნების'' უმრავლესობას - მარიამ ჯაში

14 ნოემბერი 2019, 17:08 2622 ნახვა

"მე ვტოვებ ქართული ოცნების უმრავლესობას და შესაბამისად ვტოვებ განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციასაც"- ამ სიტყვებით უმრავლესობა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმაც დატოვა.

"მიუხედავად იმისა, რომ მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს დისკუსი, რომელი სისტემაა უკეთესი, ამ შემთხვევაში ჩვენ ორი თვის წინ ის პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას, 93 დეპუტატის თანხმობით და ხელმოწერით უნდა შეგვესრულებინა. ეს იყო პრინციპული საკითხი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაგვეტანა. ჩემთვის  ყოველთვის საამაყოდ დარჩება, ის ინიციატივები და ცვლილებები, რომლებიც ქართული ოცნების  მმართველობის პირობებში გატარდა საქართველოში. ყოველთვის ვიამაყებ ჯანდაცვაში, ციხეში, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, მაგრამ ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის არ მიღება მე დღეს არ შემიძლია" - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და აქციები მოსალოდნელი იყო.

"პოლიტიკური ტემპერატურის აწევა იყო მოსალოდნელი, იმიტომ, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყო მოლოდინი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით. საპროტესტო აქცია იყო მოსალოდნელი და მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მაქსიმალურად უნდ მოხდეს სიმშვიდის შენარჩუნება, სამართლებრივ ჩარჩოებს ბუნებრივია არ უნდა გასცდეს საპროტესტო აქცია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დღეს ამ თემაზე საუბარი, თუნდაც მოსაზრების გამოთქმა ნაადრევია"-განმარტა უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა.

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3.

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩავარდნის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. თამარ ხულორდავამ  ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს საკითხი მისთვის პრინციპული იყო, შედეგი კი მიუღებელია. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში