“გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას“ - ირაკლი კობახიძე აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს

14 ნოემბერი 2019, 23:54 7908 ნახვა

არ გინდათ სპეკულაციები, მოგიწოდებთ გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის აგრესიული პოლიტიკური მოძრაობა  - ასეთი რეპლიკით დაასრულა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ინტერვიუ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვან თეონა ბაკურიძესთან. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ეს ფრაზა წამყვანის რეპლიკას მოჰყვა. „ისე საუბრობთ ბატონო ირაკლი, რომ არ მცოდნოდა მხარი კანონპროექტს დაუჭირეთ, ვიფიქრებდი, რომ წინააღმდეგი ხართ პროპორციული სისტემის“ - უთხრა ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს.

კითხვაზე - რაში ვლინდება, რომ ჟურნალისტი რაიმე ფორმით აფილირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ყველაფერში.

ეთერიდან გასვლის წინ ირაკლი კობახიძემ თეონა ბაკურიძის მისამართით თქვა, რომ „ეს იყო სიმწრის ღიმილი“. „ეს არის ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა, რადგან ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი და კითხვებს ყველა ტიპის გავლენისგან დამოუკიდებლად ვსვამთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი დისკრედიტაციის მცდელობა იყო, მსგავსი განცხადება ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა“ - უთხრა ჟურნალისტმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს.

''სად გაიზარდე შვილო, ეცით პატივი კოლეგას მაინც, კითხვაზე მაპასუხებინეთ ... ''დაწყნარდით ცოტა'', ''ნუ უზრდელობ'' — ასეთი რეპლიკებით მიმართა პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა. შემთხვევა ბათუმში, 17 ივლისს მოხდა. 

ივანიშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, რუსთავი 2-საც შეადარა. 

როგორ გავხართ ერთმანეთს - უთხრა პარტიის თავმჯდომარემ  ჟურნალისტს.

6 სექტემბერს კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წამყვანს პირდაპირ ეთერში ''დაოკება'' ურჩია.

''ბოლო დღეებში თქვენგან განსაკუთრებით წამოიჭრა ეს საკითხი და მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ. ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას'' - თქვა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში