ვადამდელი არჩევნები გერმანული მოდელით -აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა

16 ნოემბერი 2019, 12:35 1493 ნახვა

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე, პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გაათენა. საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, ნაწილმა საქართველო -შვეიცარიის საფეხბურთო შეხვედრას დიდ ეკრანზე უყურა. მათ საკვები და სასმელი წყალი დაურიგდათ. აქციის მონაწილეებთან ერთად, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც.

''ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული პოლიტიკოსთა სპექტრი, არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენიმე საათის განმავლობაში, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხვდებოდნენ. „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება პატრიოტთა ალიანსიც, თუმცა საერთო პროტესტისგან გამიჯნულად. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც საკანონმდებლო ორგანოს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.

თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს. ჯამში უმრავლესობიდან 12 დეპუტატი წავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში