არ ვაპირებ სხვის ნაცვლად თავი ვიმართლო - ძიძიგური უმრავლესობიდან წასვლაზე

21 ნოემბერი 2019, 13:40 1229 ნახვა

დეპუტატი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ არ აპირებს სხვის მაგივრად თავი იმართლოს, სწორედ ამიტომ უმრავლესობის რიგები დატოვა. დღეს მან კაბინეტიც დაცალა და სამუშაოდ სხვა ოთახში გადავიდა. 

''არავითარი მნიშვნელობა რა აქვს რომელ სივრცეში საქმიანობს დეპუტატი. პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეებიც, კომიტეტის თავმჯოდომარეებიც ეს ყველაფერი შემოღებულია იმისთვის, რომ ორგანიზებულად იმუშაოს პარლამენტმა, თორე ყველა დეპუტატი თანასწორია თავის უფლებებში. ჩვენ უკან დგას ხალხი, რომელმაც აგვირჩია, ამიტომ არის პარლამენტი ძლიერი. ის, რომ მე დღეს ამ ოთახიდან გავალ და სხვა ოთახში გადავჯდები არაფერს ნიშნავს, არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც ემოციურად.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ისევ დაიძაბა და ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი.

უმრავლესობიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღე, რომ მე არ ვაპირებ ამ თემაზე თავის მართლებას. არაფერი თავის სამართლებელი არ გამიკეთებია ჩემი ცხოვრების განმავლობაში და არც ახლა ვაპირებ სხვის ნაცვლად ეს გავაკეთო.

ჩვენ ვიყავით უმრავლესობაში 8 წლის განმავლობაში და ეს სულ ერთი არ არის. 8 წელი იყო ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრ გადაწყვეტილებაში ჩემი წვლილი შევიტანე. არ ვაპირებ იმ ტექსტების ცვლილება ნახოს ხალხმა, რომლებსაც ამ პერიოდის განმვლობაში ვამბობდი. უბრალოდ გული მწყდება, რომ დავდექი ისეთი ალტერნატივის წინაშე, პასუხისმგებლობა ამეღო იმაზე, რასაც 6 თვის განმავლობაში ვპირდებოდით მოსახლეობას, საერთაშორისო პარტნიორებს - ის არ განხორციელდა,'' - უთხრა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში