"ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება არჩევნების მოპარვა" - გიორგი კირთაძე

22 ნოემბერი 2019, 10:40 2339 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ჯაჭვით ბოქლომი ჩამოკიდა და განაცხადა, რომ "არ შერჩება ბიძინა ივანიშვილს არჩევნების მოპარვა და ბრძოლა გაგრძელდება, ბიძინა ივანიშვილს კი მშობლიურ რუსეთში მოუწევს დაბრუნება".  

მანამდე კი, ''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატს, გია დიასამიძეს, რომელიც ბოქლომის დადებას გეგმავდა ჭიშკარზე, ჯაჭვი წაართვეს და მხოლოდ ბოქლომის ჩამოკიდება მოახერხა. 

თავდაპირველად ჭიშკართან მისვლა ვერ შეძლეს, მათ პოლიცია არ უშვებდა. თუმცა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ასმათ დიასამიძე და გია დიასამიძე ჭიშკართან მაინც მივიდნენ.  

"სიმბოლურად ჩამოვკიდეთ ბოქლომი, ეს პროცესები გაგრძელდება. გუჯას 13 დღიანი პატიმრობა ვერაფერს დააკლებს, ის გამოვა და ბრძოლას გავაგრძელებთ" - განაცხადა გია დიასამიძემ, რომელმაც აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

უმაღლესი საბჭოს შენობასთან პარტიის წევრები და აქტივისტები დილიდან მივიდნენ. ადგილზე იყო პოლიციაც. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ შენობას სახელმწიფო დაცვა იცავდა, მათ ჭიშკრამდე ვერ მიუშვებდნენ, ბოქლომის ჩამოკიდება კი, მხოლოდ ღობეზე შეეძლოთ. 

აქციის მონაწილეები ელგუჯა ბაგრატიონს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ბაგრატიონი 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს, თბილისში დააკავეს. მას სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში