ანგარიშს გავუწიეთ დიპლომატიურ კორპუსს, ოპოზიციასთან ე.წ. გერმანულ მოდელს განვიხილავთ - ირაკლი კობახიძე

29 ნოემბერი 2019, 14:09 1123 ნახვა

უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  30 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც   ერთ-ერთი თემა ე.წ. გერმანული მოდელი იქნება. 

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.

კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებასთან ერთად სამოქალაქო სექტორი, ოპოზიციური პარტიები და აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ალტერნატივად ე.წ. გერმანულ მოდელს ასახელებენ.

ამ მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მაგალითად თუ პარტიას 10 პროცენიანი მხარდაჭერა აქვს, მას 150 დეპუტატიან პარლამენტში, 15 დეპუტატის შეყვანა შეეძლება. გარდა ამისა, არ გაუქმდება მაჟორიტარული სისტემაც და როგორც დღეს, 150 დეპუტატიდან 77 პროპორციული სიით შევა, ხოლო 73 მაჟორიტარული იქნება.  

ამ მოდელის საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით. ირაკლი კობახიძე მანამდე ამბობდა, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გერმანული მოდელი, საქართველოს კონსტიტუციასთან არ იყო თავსებადი და ეს პირველი კურსის კაზუსია. თუმცა, საკითხის განხილვას ისინი მაინც დათანხმდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში