ხელისუფლებასთან შეხვედრამდე, 30 ოპოზიციური პარტია ხელმოწერით ადასტურებს ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე თანხმობას

29 ნოემბერი 2019, 15:47 1647 ნახვა

თბილისში, სახვითი ხელოვნების მუზეუმში 30 ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეიკრიბა, რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ იმას, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარებას ე.წ. "გერმანული მოდელით" ემხრობიან. 

ოპოზიციური პარტიები გეგმავენ, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი უცხოელ პარტნიორებს მიაწოდონ და ეუთოში გაგზავნონ. 

პარლამენტში "ქართული ოცნების" მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიციური პარტიები და აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ალტერნატივად ე.წ. გერმანულ მოდელს ასახელებენ.

ამ მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მაგალითად თუ პარტიას 10 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, მას 150 დეპუტატიან პარლამენტში, 15 დეპუტატის შეყვანა შეეძლება. გარდა ამისა, არ გაუქმდება მაჟორიტარული სისტემაც და როგორც დღეს, 150 დეპუტატიდან 77 პროპორციული სიით შევა, ხოლო 73 მაჟორიტარული იქნება.  

ამ მოდელის საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით.

მმართველი გუნდი და ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული "გერმანული მოდელი", საქართველოს კონსტიტუციასთან არ იყო თავსებადი და ეს პირველი კურსის კაზუსია. თუმცა, საკითხის განხილვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გამო დათანხმდნენ და ხვალ, 30 ნოემბერს, ოპოზიციასთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთ საკითხად განიხილავენ.  

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში