''დავიღალეთ წამებული ცხოვრებით“ - წერილი ახალგორში შექმნილ ვითარებაზე

30 ნოემბერი 2019, 15:14 1853 ნახვა

დეპუტატმა ეკა ბესელიამ, ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მიღებულ წერილს გამოაქვეყნა. როგორც სოციალურ ქსელში წერს, წერილი სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებოა.მისივე თქმით, წერილის ავტორმა მისივე უსაფრთხოების გამო, კონფიდენციალობის დაცვა სთხოვა. „რაც სოფელ ჩორჩანაში საქართველოს მხარემ ბლოკპოსტი გააკეთა, მას შემდეგ ოსებმა გადაკეტეს „საზღვარი“ და არავის აღარ უშვებენ. ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა. 1500-ზე მეტი მოსახლეა ჩარჩენილი და ფატობრივად მძევლად ჰყავს ოსურ მხარეს. არ აქვთ ოსური ანუ რუსული პასპორტები. აქედან გამომდინარე, არც პენსია აქვთ და არც სხვა რამე დახმარება. ისინი ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ ქართულ პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე. 3 თვეა არავის საქართველოს სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია. არც პურის, არც შეშისა და არც წამლის ფული არა აქვთ. დადიან მშივრები და გაყინულები და ალბათ ნელ-ნელა ყველა დაიხოცება.

არის ოჯახი, სადაც ერთი მოხუცია დარჩენილი. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, რომლებსაც მომვლელიც კი არავინ ჰყავთ. ასევე, არიან ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც სწავლა შეუწყდათ, რადგან ე.წ. საზღვარზე არ მისცეს გადასვლის უფლება. ასობით ოჯახი გაიყო და გაიხლიჩა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმარი იქეთ და პირიქით. ენატრებათ შვილები და შვილიშვილები. არიან უმძიმესი ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც შეუწყდათ მკურნალობა და იტანჯებიან ტკივილებისგან. პროდუქტი ცხინვალიდან ჩამოდის და იმდენად ძვირია, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული ხალხი ვერც ყიდულობს და ფაქტობრივად შიმშილობენ. სამედიცინო პირველადი დახმარებაც კი არ არსებობს.

გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ! გთხოვთ, ეს წერილი გადაუგზავნეთ ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ, აქედან ჩვენი ხმა არავის ესმის. მივმართავთ ხელისუფლებასა და მთავრობას, ვინმეს გაქვთ ჩვენი დარდი? ჩვენ არ ვართ ქართველები? ჩვენ არ ვართ საქართველოს მოქალაქეები? თუ მოგვიძულეთ და გაგვწირეთ, ესეც ვიცოდეთ და სასწაულის იმედი მაინც აღარ გვექნება. გვიშველეთ, სანამ სული გვიდგას, ვიხოცებით... დავიღალეთ წამებული ცხოვრებით“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში