მმართველი პარტია დესტაბილიზაციის წყაროდ იქცა - „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ განცხადებას ავრცელებენ

03 დეკემბერი 2019, 12:43 1481 ნახვა

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია და მისი ლიდერი იქცნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყაროდ, მათი მართვის სტილმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა, – ამის შესახებ აღნიშნულია მოძრაობას „ლელოს“, „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტში წერია, რომ გუშინ, თბილისსა და მცხეთაში, ხოლო გუშინწინ ქუთაისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას.

„ნათელია, რომ ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა. ამასთან, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ის სავალალო რეალობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია მმართველი პარტიის მიერ: ადგილზე მყოფი პოლიციელები დანაშაულებრივ ფაქტებზე რეაგირების ნაცვლად, თავიანთი უმოქმედობით, ხელს უწყობდნენ ძალადობას.

მივმართავთ ხელისუფლებას: არ მოგცემთ უფლებას, ჩაითრიოთ ქვეყანა არეულობასა და დაპირისპირებაში. საქართველოს მოქალაქეებს კარგად გვახსოვს სამოქალაქო შუღლის და ერთმანეთის მიუღებლობის უმძიმესი ისტორიები ახლო წარსულიდან, რაც ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად ატყვია ჩვენს ცნობიერებას და სახელმწიფოს. მძიმე წარსულმა თუ რამე გვასწავლა ისაა, რომ პოლიტიკური განსხვავებები, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის, უნდა წყდებოდეს პოლიტიკური პროცესით და არა ძალადობით და იმიტირებული კონტრაქციებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაში წერია, საზოგადოება დაიღალა სიძულვილით, შიშით, დაპირისპირებებით, მას სჭირდება გონიერი, პასუხისმგებლიანი, ქვეყანაზე და არა საკუთარ ძალაუფლებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის ღირსეული, სტაბილური ცხოვრების და განვითარების გარანტიებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში