პირს, რომელმაც სანადირო თოფით მოქალაქეს ორი ჭრილობა მიაყენა, მეორე კი სასიკვდილოდ დაჭრა 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

04 დეკემბერი 2019, 14:04 1949 ნახვა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისთვის და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული მ.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა მისსავე სახლში მყოფ გ.ტ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა მ.ს.-მ დატოვა გ.ტ-ს სახლი,  უკან სანადირო თოფით შეიარაღებული დაბრუნდა და გ.ტ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ მ.ს.-მ სოფელ ახალსოფელში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ა.მ.-ს სანადირო თოფიდან მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.მ. იმავე დღეს საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.ს. სასამართლო განჩინების საფუძველზე 2019 წლის 22 თებერვალს ქ.ლანჩხუთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით  და  19,108-ე მუხლით  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. დამნაშავედ ცნო ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობაში და განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში