დააკავეს 2 პირი, რომლებმაც 3 თვეში 24 ბინა გაქურდეს

07 დეკემბერი 2019, 11:05 1718 ნახვა

სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.

ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ერთ-ერთი დაკავებულის „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. მათი პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში