რა სისულელეა ვინმეს ეს სამსახურის ფასად დაუჯდეს - ლაშა კომახიძე 14 დეკემბრის აქციაზე

11 დეკემბერი 2019, 11:07 3440 ნახვა

მიჰყავთ თუ არა ძალდატანებით ბათუმის მერიიდან თანამშრომლები, თბილისში 14 დეკემბერს ''ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ფრთის მიერ დაანონსებულ აქციაზე? ამ კითხვაზე ბათუმის მერი პასუხობს, რომ წარსულში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და არც მომავალში იქნება.

''წარსულ პერიოდს თუ გავიხსენებთ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ ისეთს, რომ ''ქართულ ოცნებას'' მოქალაქეებისთვის რაიმე აქციაში მონაწილეობა ეიძულებინოთ. ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას საზეიმო ღონისძიებას დაესწრონ, რის გამოც ხდება თბილსიში ჩასვლა. რა სისულელეა ვინმეს ეს სამსახურის ფასად, ან შევიწროების ფასად დაუჯდეს. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, ამაზე საუბარი ჩემთვის უხერხულია. მე ვერ დაგიდასტურებთ, რომ მასობრივად აქციაზე წასვლა თხოვნის ან მოთხოვნის ფორმით ხდება. სურვილით ხდება. ვისაც გააჩნია სურვილი ის ყოველთვის აკეთებს იმას, რაც უნდა, საკუთარი გადაწყვეტილებით. შეუძლია ყველა იყოს დარწმუნებული, რომ არანაირი ზეწოლა არ არის და ვერ იქნება. თუ ვინმეს ამ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება უნდა ჩვენ მივესალმებით'' - ამბობს ლაშა კომახიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე საზეიმო ღონისძიება ხომ არ არის კონტრაქცია, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს.​ ქალაქის მერი ამბობს, რომ კონტრაქციები და დაპირისპირებები მათი ხელისუფლების ხელწერა არ არის და ზოგადად ეს არც სწორი ნაბიჯია.

''მე ასე მიმაჩნია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის ჩვენება, რომ საქართველოს შეუძლია იზეიმოს. ჩვენ მთელს ევროპას ვაჩვენოთ, რომ ვართ ერი, რომელიც ამ ღირებულებებისკენ მიისწარფვის''.

ლაშა კომახიძის თქმით, ეცდება, რომ თანაქალაქელებთან ერთად აქციაზე თავადაც წავიდეს.  ''არ გამოვრიცხავ, რომ მეც წავიდე. ქალაქსაც სჭირდება ყურადღება. შევეცდები ნამდვილად. მინდა, რომ მოვახერხო'' - უთხრა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს ქალაქის მერმა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაზე წასვლას გეგმავს. ამბობს, რომ აჭარიდან ბევრნი იქნებიან და დედაქალაქში ათასობით ადამიანი ჩავა. მისი თქმით, ყველა მოქალაქე, მათ შორის ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერები არჩევანში თავისუფლები არიან და აქციაზე წასვლას იძულების ფორმა არ აქვს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში