დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

12 დეკემბერი 2019, 13:22 3131 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების გამოძევების ფაქტს ეხმაურება. ქარტია გმობს ჟურნალისტების მიმართ მსგავს მოპყრობას და კომიტეტის თავმჯდომარეს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი  დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს. ჟურნალისტების მონათხრობით (ეს გავრცელებულ კადრებშიც ჩანს) კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ - მედიას დაეტოვებინა დარბაზი, მანდატურებმა ისინი უხეში ფორმებით გამოყარეს კომიტეტის სხდომიდან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ მანდატურების ამ ქმედებას დეპუტატთა ნაწილიც ახალისებდა., “გამოათრიეთ ეხლავე”, “გამოყარეთ” - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

მათივე თქმით, ჟურნალისტები ქარტიასთან საუბარში ამბობენ, რომ მანდატურების მხრიდან მედიის მიმართ მსგავსი უხეში მოპყრობა არ ახსოვთ.



"ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია პარლამენტში დღეს მომხდარი ფაქტით, დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა, ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება იყო და მედიის ინტერესი, გაეშუქებინათ კონფლიქტი, ბუნებრივი იყო.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს დეპუტატებს უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება"- წერია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში