მოზარდმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ სამართალდამცველების ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა - საია

13 დეკემბერი 2019, 16:07 2794 ნახვა

არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.  განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

საუბარია 2019 წლის 11 დეკემბერს, მომხდარ ფაქტზე. როცა არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

"არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს"- ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია წერს, რომ გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან.

2019 წლის 12 დეკემბერს საიამ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს  დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. ასევე, საქართველოს გენერალურ პროკურატურას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში