ელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა და ნაძირალა დააწერა 

16 დეკემბერი 2019, 14:03 2053 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა, რის შემდეგაც “ღორი” და “ნაძირალა” მიაწერა. ინფორმაციას ხოშტარია თავად ავრცელებს.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოდან უნდა გააგდონ.

„ეს არის პროტესტი. ეს კაცი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ვაჟა გაფრინდაშვილს, მუშაობს კიდევ საკრებულოში. ამიტომ ცხადია, ეს არის მისი მოგლეჯვის სიმბოლური ფორმა. არ ეკუთვნის, რომ ეს ეკიდოს თბილისის საკრებულოში და აღარ ეკიდება. ის უნდა იყოს გაგდებული საკრებულოდან. ამ ბანერის ჩამოგლეჯვისას, რა თქმა უნდა, შემექმნა პრობლემა. ჯერ სცადეს, რომ საკრებულოში არ შევეშვი, მერე კუხიანიძის კაბინეტთან, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ტყემალაძე ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც საბოლოოდ პოლიციას მოქალაქეებისთვის ხელები არ აგრეხინა და საბოლოო ჯამში ოთახში მიგვიღო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საკრებულოს წინ აქცია მიმდინარეობს ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ, რომელმაც ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს აგინა. მომიტინგეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში