ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა, 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

16 დეკემბერი 2019, 21:19 2433 ნახვა

15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ორ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. მოზარდმა, სავარაუდოდ, დაკითხვის შემდეგ მიიღო სუიციდის გადაწყვეტილება და ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.  საკუთარი ნებით, გამოძიების დასრულებამდე, ორი პოლიციელის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე განცხადება შსს გაავრცელა.

„თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს“ - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

15 წლის მოზარდის საქმის შესახებ განცხადება“„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა, სადაც ორგანიზაცია ეჭვს გამოთქვამს, რომ მოზარდზე პილიციელების მხრიდან, ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

ფაქტის გამოსაძიებლად, საიამ გენერალურ ინსპექციას მიმართა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში