3 568 160 ლარი ბათუმიდან ნაგვის, თოვლის და ნარჩენების გატანაზე - ტენდერს წლების განმავლობაში შპს "სანდასუფთავება" იგებს

17 დეკემბერი 2019, 14:40 2134 ნახვა

ბათუმის მერია მომდევნო წელს ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის და თოვლის გატანის მომსახურებაზე ტენდერს აცხადებს.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა  ქალაქიდან  77 000  ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი და 2 000 კუბ.მ თოვლი უნდა გაიტანოს.

მუნიციპალიტეტი მზადაა გამარჯვებულს 3 568 160 ლარი გადაუხადოს.

თუ გასული წლების მაგალითით  ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ტენდერში გამარჯვებული  მერიის 100% წილის მფლობელი შპს "სანდასუფთავება" იქნება. უკვე წლებია აღნიშნულ მომსახურებას სწორედ ეს სამსახური ახორციელებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე თუ ტენდერში გამარჯვებული, სავარაუდოდ, ისედაც ცნობილია რატომ არ გადაეცა ეს თანხა პირდაპირ "სანდასუფთავებას"- ბათუმის მერიაში გვიპასუხეს, რომ ტენდერი კონკურენციის გაზრდის მიზნით გამოცხადდა.

"გადაწყდა, რომ მეტი გამჭვირვალობის, მეტი კონკურენციისთვის გამოცხადებულიყო ტენდერი. იქნებ სხვა მსურველიც გამოჩნდეს, ვინც შეასრულებს იგივე მომსახურებას ნაკლებ ფასად. აპრიორი, რომ "სანდასუფთავება" გაიმარჯვებს ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს. ეს არის ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა კომპანიამ. გიდასტურებთ, რომ წლების განმავლობაში იმარჯვებს "სანდასუფთავება", მაგრამ ვერც  ერთ ფაქტს ვერ ნახავთ, იმის დასადასტურებლად, რომ ეს ტენდერი მათზეა მორგებული. უკვე წლებია ასე ვიქცევით, მომსახურება გადის ტენდერზე და  იმარჯვებს "სანდასუფთავება". თუ ვინმე თვლის, რომ ვიღაცაზე მორგებულია შესყიდვა არსებობს დავების განხილვის საბჭო და შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაასაჩივროს"- ამბობს მერიის შესყიდვების განყოფილების მოვალეობის შემსრულებელი. 

სატენდერო პირობების თანახმად, მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბოძებზე განლაგებული ურნებიდან და ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული ნაგავშემკრები კონტეინერებიდან ნაგვის გატანა დღეში 2-ჯერ, ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული სანაგვე ურნებიდან ნაგვის გატანა ყოველდღიურად, წვიმის შედეგად ბორდიურებისა და სავალ ნაწილთან დაგროვილი მასის გაწმენდა-გატანა, ნაგვის გატანისთანავე უნდა მოხდეს ნაგავშემკრები კონტეინერების ირგვლივ ტერიტორიის დასუფთავება.

სატენდერო პირობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის მომსახურება საერთო ღირებულებით არანაკლებ 5 000 000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებულმა  მომსახურება 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

სატენდერო წინადადებების მიღება 13 იანვარს სრულდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში